ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პუტინის ერთ-ერთი მარბიელი რაზმის მეთაურის განცხადებას ჰგავს, პირველ რიგში ღარიბაშვილი უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან – ანა ნაცვლიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პუტინის ერთ – ერთი მარბიელი რაზმის მეთაურის განცხადებას ჰგავს, პირველ რიგში ღარიბაშვილი უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის აშშ-ში ელჩად დანიშვნას და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილის დანიშვნას.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მსგავსი საკადრო გადაწყვეტილებები მთავრობაში ვითარებას ადეკვატურს ვერ გახდის.

„თუ ვინმეს გონი მოეკითხება და სინდისის ნატამალი შერჩენია, უნდა ხვდებოდეს, რომ გუშინ გაკეთებული განცხადების მერე, რომელიც მარბიელი რაზმის მეთაურის განცხადება იყო და არა სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის, ღარიბაშვილი უნდა მიდიოდეს პირველ რიგში. ზოგადად, ,,ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკა არასდროს არ არის ლოგიკურად ახსნადი. ეს ქვეყნისთვის არსებითად ვერაფერს შეცვლის, რადგან თავი რჩება იგივე, შესაკრებთა გადანაცვლებით, ვინ წავა ელჩად და ვინ მოვა მინისტრად, ქვეყნის სინდისი ვერ გაიმართება წელში, ამ ვითარებას მეორეხარისხოვანი საკადრო ცვლილებები არ უშველის,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მან ამით შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის უმძიმეს მსხვერპლს ამ ომში, არამედ შეურაცხყო საქართველოს ისტორია და მისი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.

„ღარიბაშვილის განცხადება არ არის სუვერენული ქვეყნის პრემიერის განცხადება, იმ ქვეყნის, რომელიც 2 საუკუნეზე მეტია იმყოფება ომში რუსეთთან და ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს რუსეთის საქმიანობა სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ეს განცხადება ჰგავს პუტინის ერთ- ერთი მარბიელი რაზმის მეთაურის განცხადებას, რომელიც საუბრობს დასჯაზე და ისე აკეთებს ამას, რომ ამართლებს ამ სადამსჯელო ბარბაროსულ აქტს. ძალიან სამწუხაროა, რომ ის ასე პოზიციონირებს. თუ ვინმეს “ქართულ ოცნებაში” დღეს თავმოყვარეობა შერჩა ან აზრი და გონი მოეკითხება, შეუძლებელია ამ განცხადებას ეგუებოდნენ და არ სვამდნენ საკითხს, რომ ეს კაცი არ შეიძლება წარმოადგენდეს არც მმართველ პარტიას და მით უმეტეს, არ შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოს პრემიერის სახელით,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 25 თებერვალს საუბრობდა, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, ეს იქნებოდა უკრაინა. მისივე თქმით, ამის შემჩერებელი არავინაა.