“მხოლოდ NATO-ში ინტეგრაციით, ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაზრდით შევძლებთ თავის დაცვას რუსული საფრთხისგან და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას” – გიგა ბოკერია

მხოლოდ ნატო-ში ინტეგრაციით, ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაზრდით შევძლებთ თავის დაცვას რუსული საფრთხისგან და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის ასლან ბჟანიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა ოჩამჩირეში განთავსდება.

„საოკუპაციო რეჟიმი, ანუ იგივე რუსეთი, თან აქებს ჩვენს ხელისუფლებას და აქედან ჩვენ ყველამ კითხვა უნდა დავსვათ, მტერი რატომ შეიძლება აქებდეს შენს ხელისუფლებას, თუ არ აწყობს ის, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. ეს ხელისუფლება კი გვტოვებს დასავლეთისგან იზოლაციაში მაშინ, როდესაც იქვე გვაგებინებენ, რომ დამატებითი ბაზა იხსნება. აქედან დასკვნა ერთადერთი უნდა გამოვიტანოთ ყველამ ერთად, რომ ეს მოღალატეობრივი სიცრუე, რომ ჩაწოლითა და დაყვავებით გადავრჩებით, ყველამ უნდა უარვყოთ და ეს რეჟიმი დემოკრატიულად გამოვცვალოთ. მხოლოდ NATO-ში ინტეგრაციით, ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაზრდით შევძლებთ თავის დაცვას რუსული საფრთხისგან და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.