“ოჩამჩირეში რუსეთი აპირებს სამხედრო ბაზის განლაგებას, ამ ფონზე სრული დუმილია “ქართულ ოცნებაში” ” – გიორგი ვაშაძე

მე მინდა ივანიშვილ – ღარიბაშვილ – კობახიძის დაჯგუფებას ვუთხრა – რა მოუტანა საქართველოს თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, თქვენმა “კუდის ქიცინმა” რუსეთის ფედერაციასთან?! – რუსეთი ოჩამჩირეში ბაზის გახსნას ბედავს იმიტომ, რომ მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისშიც, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“უმძიმესი და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის კატასტროფული საფრთხის შემცველი ინფორმაცია გახდა დღეს ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილი – ოჩამჩირეში რუსეთი აპირებს სამხედრო ბაზის განლაგებას, ამ ფონზე სრული დუმილია “ქართულ ოცნებაში.” მინდა ივანიშვილ-კობახიძე- ღარიბაშვილის დაჯგუფებას მივამართო – რა მოუტანა საქართველოს თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, თქვენმა კუდის ქიცინმა რუსეთის ფედერაციასთან. ერთი მხრივ, ლავროვი ტაშს გიკრავთ, მეორე მხრივ სამხედრო ბაზებს გიხსნით, მესამე – ამაზეც დუმხართ და ეროვნული ინტერესების დასაცავად არაფერს აკეთებთ. ახლა მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამაზე უნდა იყოს მობილიზებული, ამ ინფორმაციით აჭრელებულია ახლა საერთაშორისო მედია, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის საკომენტარო თემა, მთავრობაში უნდა გყავდეთ ადამიანები, ვინც პატრიოტები არიან. ლავროვს რომ ტაშ-ფანდურს უმართავთ და პურ-მარილს უშლით აქ მის ოჯახის წევრებს, პასუხი გაგცეს ახლა ამასთან დაკავშირებით. კითხვას ვუსვამ კობახიძეს, სამი დღეა ოროსანი ბავშვივით რომ ჩამოჯდა იქ, საკონსტიტუციო სასამართლოში, რას აკეთებ, გეკითხები, ეგაა შენი ფუნქცია, რომ იქ ზიხარ და სისულელეებზე საუბრობ, ივანიშვილმა მიგითითა, რომ ეგ როლი ითამაშო და უფლება არ გაქვს, გამოხვიდე იმ დარბაზიდან. ასე გატარებას აპირებთ ამის? ეროვნული ინტერესებია უზარმაზარი საფრთხის ქვეშ, თქვენ რას პასუხობთ ანექსიის პროცესს? ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზა არის ევროკავშირი, ის ევროკავშირი, რომლის კანდიდატის სტატუსზეც პრემიერ-მინისტრი ამბობს, სიმბოლური დატვირთვა აქვსო, თქვენ ფარცხალაძის მცველები პასუხს იღებთ ახლა – რუსეთის აგენტი ფარცხალაძის დაცვის შემდეგ, აგერ სამხედრო ბაზის გახსნასაც მოგთხოვენ, ეგ არის თქვენი სახე. ახლა მთავარი კითხვაა რატომ ბედავს რუსეთი ამას? – იმიტომ, რომ მისი მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისში და არა მხოლოდ აფხაზეთში,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.