“წინასაარჩევნოდ გაცემული სამი დაპირება შესრულებულია, ასე გაგრძელდება მომავალშიც!

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ და საბურთალოს რ-ნის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დავითაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს, რომელსაც Georgian Water and Power – GWP LTD, Official ახორციელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ დასახლებაში პირველად მიმდინარეობს საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემების მონტაჟი.

ჩვენ მაჟორიტარს, დავით უთმელიძეს დავუკავშირდით.

-მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრების დროს საბურთალოს რაიონში გამოიკვეთა ორი ძირითადი პრობლემა-ეს იყო წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემები, კონკრეტულად ეს ეხებოდა ზემო და ქვემო ვეძისის დასახლებას და მერი დავითაშვილის ქუჩას.

Georgian Water and Power -თან მოლაპარაკებების და ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამუშაოები უკვე დეკემბრის ბოლოს დასრულდება და იმედია მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება. მოთხოვნა იყო მერი დავითაშვილის ქუჩაზე სამუშაოები გადაწეულიყო უფრო ზედა უბნისკენაც და GWP-სთან მოლაპარაკების შედეგად ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია. ასე რომ მოსახლეობა მიიღებს იმას, რაც აქამდე არ ყოფილა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამგეობასთან ერთად წყალმომარაგეობის სისტემის შეცვლა მოხდა ვაჟა-ფშაველას 17 და 19 ნომერს შორის, სადაც კორპუსების აშენების მერე საკანალიზაციო სისტემა არ იყო გამოცვლილი. ჩვენ ამ ერთი თვის განმავლობაში მოვახერხეთ საკანალიზაციო სისტემის მთლიანად შეცვლა და ასფალტის გადაგება. ფაქტიურად, ოთხმა კორპუსმა მიიღო წყალმომარაგების ახალი სისტემა, რითიც პრობლემის აღმოფხვრა მოხდა. მოწესრიგებულია ისიც, რომ სისტემა ქვემო მხარეს იყო დაზიანებული და კორპუსებში ატანდა.

სამომავლოდ ამ ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და ახალ სიცოცხლეს შეიძენს ეს პატარა უბანი.

წინასაარჩევნოდ გაცემული სამი დაპირება პირნათლად შესრულებულია.

გაზაფხულზე მერი დავითაშვილის ქუჩაზე ვაპირებთ საგზაო სამუშაოების შესრულებას, დაიგება ასფალტის ახალი საფარი და მოსახლეობას გაუმარტივდება გადაადგილება. ჩვენ ეტაპობრივად შევასრულებთ ყველა დაპირებას და ძალას არ დავიშურებ ამომრჩეველი კმაყოფილი იყოს“-გვითხრა მაჟორიტარმა.