ვახუშტი მენაბდე ღარიბაშვილზე – „ბუჩას ხოხვა-ჟლეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე პრემიერის განცხადება სტრატეგიული სიფრთხილით ვეღარ აიხსნება, ეს მშიშარა ადამიანის სიტყვებია”

პრემიერის განცხადება ბუჩას ხოხვა-ჟლეტის შესახებ, მშიშარა ადამიანის სიტყვებია, – ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პრემიერმა თქვა, რომ „უკრაინა ომში დაისაჯა”.

მენაბდის თქმით, ღარიბაშვილის პრემიერობის ყოველი დღე სირცხვილის ჩირქს სცხებს მთელს ქვეყანას.

„ბუჩას ხოხვა-ჟლეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე პრემიერის განცხადება სტრატეგიული სიფრთხილით ვეღარ აიხსნება. ეს მშიშარა ადამიანის სიტყვებია და ეს შიში არ არის იმწუთიერი მოვლენებისგან მოგვრილია (ვის არ შეგვშინებია?!). ეს მენტალიტეტის გამოვლინებაა.

გავიხსენოთ ამ კაცის ბიოგრაფია. ის ორი სიტყვით აღიწერება: „ბატონის მორჩილება”. პრემიერიც ხომ ამ ნიშნით გახდა? მას ეშინია ძალის, რადგან იცის როგორ მოქმედებს ის სუსტის მიმართ, სუსტებიც დაუსჯია ბატონის ბრძანებით და თავადაც დასჯილა იმავე ბატონის მიერ. ამიტომ ეშინია მუდამ როცა ძლიერ ხედავს, ამიტომ ამბობს, რომ „უკრაინა დაისაჯა” და ამიტომ ვერ აფასებს მის გმირობას.

მისი მოწყობის კაცისთვის ამხელა ძალასთან წინააღმდეგობის გაწევა უგუნურებაა, სჯობს დაემორჩილო იქნებ გაბრაზებულმა ძლიერმა მალე მოიკლას ჟინი, წინააღმდეგობა მოძალადეს ხომ უფრო ახელებს?! მაგრამ მან არ იცის – ამ დროს ღირსებაც იკარგება.

აი, ასეთი კაცი მართავს დღეს ქვეყანას. ამ მძიმე დროში ასეთი კაცია სათავეში. მისი პრემიერობის ყოველი დღე სირცხვილის ჩირქს სცხებს მთელს ქვეყანას. ის წარმოგვაჩენს როგორც უღირს, ძლიერის მიმართ მონური მორჩილებით გამსჭვალულ ერს, მაგრამ უნდა იცოდეს – დადგება დღე, როდესაც მას და მის ბატონს საკუთარი ხალხის შეეშინდება,” – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.