სააკაშვილი საჭიროებს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ რეაბილიტაციას, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს სერვისები არ მიეწოდება – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით მას როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური რეაბილიტაცია ესაჭიროება.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტა, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სერვისები ამ დრომდე არ მიეწოდება, რაც მისი მკურნალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზია.

,,ჩვენი წარმომადგენლები რეგულარულ ვიზიტებს ახორციელებენ მიხეილ სააკაშვილთან, ისევე როგორც სხვა პატიმრებთან. ამიტომ, მისი მდგომარეობის შესახებ მუდმივად ვართ ინფორმირებულები. მივიღეთ გამოკვლევის შედეგები, რომელიც მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ ჩაუტარდა, როდესაც ეს მონაცემები გავუზიარეთ ჩვენს კონსილიუმს გვითხრეს, რომ ეს შედეგები იდენტურია მათი დასკვნისა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. ჩვენი შეფასება არის უცვლელი, ის საჭიროებს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ რეაბილიტაციას, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს სერვისები არ მიეწოდება, ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი ხარვეზი მისი მკურნალობის მიმართულებით”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.