პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე:  ნატო-ზე უარი იყო უკრაინის სასტარტო შეთავაზება, მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში, შესაბამისად, ჩვენთვის საერთოდ არ არის რელევანტური ამ თემაზე მსჯელობა

სამწუხაროდ, ეს არ იყო რუსეთის სასტარტო შეთავაზება, ნატო-ზე უარი იყო უკრაინის სასტარტო შეთავაზება, რაც არის განსაკუთრებით სამწუხარო, რადგან უფრო ამძიმებს იმ სურათს, რომელიც არის შექმნილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა და  უპასუხა კითხვას: „თქვენ თქვით, რომ უკრაინა არ დათანხმდა სასტარტო შეთავაზებას, რას გულისხმობთ ამაში. თუ იგივე შეთავაზებას წამოაყენებს რუსეთი საქართველოს მისამართითაც, ასეთ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, უნდა გადაუხვიოს ქვეყანამ დასავლურ კურსს?“.

კობახიძემ  აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში უკრაინა იყო ნატო-ზე უარის და ნეიტრალური სტატუსის ინიციატორი. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ საქართველოსთვის საერთოდ არ არის რელევანტური ამ თემაზე მსჯელობა.

„სამწუხაროდ, ეს არ იყო რუსეთის სასტარტო შეთავზება, ანუ, ეს იყო უკრაინის სასტარტო შეთავაზება. ნატო-ზე უარი იყო უკრაინის სასტარტო შეთავაზება, რაც არის განსაკუთრებით სამწუხარო, რადგან ეს კიდევ უფრო ამძიმებს იმ სურათს, რომელიც არის სინამდვილეში შექმნილი. ანუ, უკრაინამ შესთავაზა სასტარტო პირობები მოლაპარაკებისთვის რუსეთის ფედერაციას და დღემდე, რუსეთისგან არ მიუღია პასუხი.

ამ შემთხვევაში უკრაინა იყო ნატო-ზე უარის და ნეიტრალური სტატუსის ინიციატორი. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში, შესაბამისად, ჩვენთვის საერთოდ არ არის რელევანტური ამ თემაზე მსჯელობა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არც მომავალში გახდება ეს საკითხი რელევანტური. ჩვენ გვაქვს მკაფიო ორიენტირები ჩვენს პოლიტიკაში და ჩვენ გვაქვს მკაფიო ამოცანა. პირველი რიგის, უშუალო ამოცანა არის, რომ ქვეყანას თავიდან ავარიდოთ ომი და მაქსიმალურად ავარიდოთ ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანა არის ჩავარდნილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.