ზურაბ აზარაშვილი – გვიმძიმს იმ ყოველდღიურობის ყურება, რაც უკრაინაშია, დაღუპული ადამიანები, მიწასთან გასწორებული ქალაქები, ზუსტად აქედან გამომდინარეობდა პრემიერის გუშინდელი კომენტარი

ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ და ძალიან გვიმძიმს იმ ყოველდღიურობის ყურება, რაც იქ არის. დაღუპული ადამიანები, მიწასთან გასწორებული ქალაქები. ზუსტად აქედან გამომდინარე იყო პრემიერის გუშინ გაკეთებული კომენტარი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მანვე, უკრაინასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის გუშინ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, პრემიერის ამ განცხადებას სრულიად ეთანხმება.

„რაც შეეხება უკრაინაში ომს და პრემიერის გაკეთებულ კომენტარს. ყველა დამეთანხმებით, რომ ძალიან ცუდია, რაც უკრაინაში ხდება ყოველდღიურად, მძიმე სიტუაცია, რაც ამ ქალაქებშია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ და ძალიან გვიმძიმს იმ ყოველდღიურობის ყურება, რაც იქ არის, დაღუპული ადამიანები, მიწასთან გასწორებული ქალაქები. ზუსტად აქედან გამომდინარე იყო პრემიერის გუშინ გაკეთებული კომენტარი, რასაც სრულიად ვეთანხმები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილია თქვა: „უკრაინაში რაც ხდება, ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელია. ოთხი ათასზე მეტი კორპუსი არის განადგურებული, ქალაქები მიწასთანაა გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის“.