სანამ უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდის არხზე – მსგავსი მოვლენა თეორიის, ფანტასტიკის სფეროა – დავით უსუფაშვილი

სანამ უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდის არხზე – მსგავსი მოვლენა თეორიის, ფანტასტიკის სფეროა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ისურვებდა ან მტკიცებულებების დადებას ან ინფორმაციის უარყოფას.

„სანამ უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე და ა.შ. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. მინდა, ყველას ვთხოვო, ეს იქნება საკუთარი მთავრობა თუ მეგობარი უკრაინის მთავრობა, ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და ისედაც რთულ ვითარებაში, ნუ დავძაბავთ დამატებითი თემებით ვითარებას. არ მჯერა, რომ საქართველოში ვინმე ასეთი საქმიანობით არის დაკავებული ან ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია. ვისურვებდი, მალე ან მტკიცებულება დაიდოს, ან უარყოფილი იყოს ეს ინფორმაცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს ინდივიდების მიმართაც და მთავრობების მიმართაც. ვინც ბრალი წამოაყენა, მან უნდა დაამტკიცოს ეს. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ თქვას, რომ ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია და ეს არ იციან, კიდევ როგორ უნდა დამტკიცდეს? ასეთ ვითარებაში მტკიცების ტვირთი იმ მხარესა, ვინც ამას ამბობს, მაგრამ მინდა, ვისურვო, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და სამუშაო რეჟიმში გადავალთ,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.