საქართველო კონტრაბანდული დერეფანი თუ გახდა, ეს არ დაიმალება, მტკიცებულებებიც დაიდება, გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო – იაგო ხვიჩია

გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო, ამას ნიშნავს, ეს განცხადება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, მეტი დეტალიზაციაა საჭირო, რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი. მისივე განცხადებით, საქართველო კონტრაბანდულო დერეფანი თუ გახდა, ეს არ დაიმალება.

„ზოგადად, არაფერი გამორიცხული არ არის, უბრალოდ, რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ამას მეტი დეტალიზაცია სჭირდება. თუ საქართველო კონტრაბანდულო დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება და მტკიცებულებებიც დაიდება. ასევე სხვადასხვა ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც ვთქვათ, ამ საქმეში გარეულები არიან. ამიტომ დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას და ვისურვებდი, არ გამართლებულიყო პროგნოზი, რაზეც ვსაუბრობთ. გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთ, ამას ნიშნავს ეს განცხადება. მგონია, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციაც ექნება უკრაინულ მხარეს და პირიქით, უკრაინული ინფორმაცია ექნება ამერიკულ მხარეს. უბრალოდ, ვინ გაახმოვანებს ამ ინფორმაციას ეს სულ სხვა გარემოებაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის,  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადების  მიხედვითა, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.