თბილისის აეროპორტში 2 კილოზე მეტი “კოკაინი” ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ა.ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ა.ი.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმებისას, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 2 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.