სულხან მოლაშვილის ოჯახს უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა.

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის 23 აპრილს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 2004 წლის ივლისში სულხან მოლაშვილის ძმას თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლის სანაცვლოდ, მოსთხოვეს წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა.

გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე მოლაშვილი და სულხან მოლაშვილის მეუღლე თამთა ბახტურიძე დაარწმუნეს,  რომ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში,  სულხან მოლაშვილს პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ. ისინი იძულებულნი გახდნენ, დათანხმებოდნენ ამ პირობის შესრულებას. სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა ბანკიდან აიღეს სესხი და შეთანხმებისამებრ 140 000 ლარად შეიძინეს წავკისში მდებარე აგარაკი, რომელიც იმავე დღეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

მიუხედავად სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრების მიერ მოთხოვნის შესრულებისა, მაინც არ მოხდა სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვალა და საპატიმრო დაწესებულებიდან მისი გათავისუფლება.

ამასთან, დღესვე ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდა კიდევ ორ პირს, ერთს მიწის ნაკვეთი,  მეორეს კი  – 6 ავტომობილი.

კომენტარის დატოვება