თუ საქართველოს მხრიდან პროვოკაციები იქნება, ადეკვატურ პასუხს გასცემენ, თუმცა დღეს ვერ ვხედავთ საფრთხეებს საქართველოს მხრიდან – ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის შესვლა რუსეთის ფედერაციაში არ იმოქმედებს ტრანზიტზე საქართველოში, ის რეალურად არ არსებობს – თქვა საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა RIA-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბიბილოვმა, ასევე, თქვა, რომ თუ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის გამო ,,საქართველოს მხრიდან პროვოკაციები იქნება, ადეკვატურ პასუხს გასცემენ”.

,,დღეს რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტი საერთოდ არ ხდება სამხრეთ ოსეთის გავლით, შესაბამისად, ეს საერთოდ არ გვაწუხებს, ეს საერთოდ არ გვეხება, ჩვენ არ გვაქვს ტრანზიტი (არა – რედ.) საქართველოს რესპუბლიკასთან. ყველა საზღვარი დაკეტილია, ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკური კავშირი, არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური კავშირები, გარდა მოლაპარაკებების პროცესისა, რომელიც მიმდინარეობს IPRM-ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) ფარგლებში და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში“, – თქვა მან.