The New York Times:​ ბუჩაში სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ცხედრები ქალაქის ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო

The New York Times-ს ცნობით, ბუჩას ქუჩების სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ცხედრები ქალაქის ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო.

გამოცემის ინფორმაციით, ანალიზი არ ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს.

ცხედრები ბუჩას ქუჩებში ჩანს 11 მარტს გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებებზე. ზოგიერთი სხეული იმავე პოზაშია, რაც სამი კვირის შემდეგ, მათი აღმოჩენის დროს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესსპიკერი ალექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ ოკუპანტები აგრძელებენ სარტილერიო იერიშებს, ბომბავენ საცხოვრებელ კოპუსებს და ინფრასტრუქტურას.

„რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ხარკოვის ბლოკადას, განაგრძობენ საარტილერიო დაბომბვას და შემდგომ ანადგურებენ ქალაქის საცხოვრებელ უბნებს და ინფრასტრუქტურას. რუსმა დამპყრობლებმა მასიური საარტილერიო და საჰაერო დარტყმები მიაყენეს ქალაქ მარიუპოლს.

რუსეთის ჯარებმა მიკოლაევზე თავდასხმები ჟენევის კონვენციით აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალებით განახორციელეს. სამოქალაქო უბნები და სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფო, მტრის თავდასხმის ქვეშ მოექცა. არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის ბავშვები,” – აცხადებს ალექსანდრ სტუპუნი.