ძალიან უსიამოვნოა ევროპარლამენტის კრიტიკული შეფასების ნახვა – ეს ბრაზს იწვევს ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ყველა ამ ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა – ნათია მეზვრიშვილი

იმედი მაქვს, ახლა მაინც, განაცხადის პროცესის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლება საკითხს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიუდგება და ყველა ვალდებულებას, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების პარალელურად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ევროპარლამენტის კრიტიკული შეფასების ნახვა ძალიან უსიამოვნოა.

„არ შეიძლება ამის ნახვა გიხაროდეს. ბრაზს კი ნამდვილად იწვევს ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ყველა ამ ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა და ეკისრება და რომელიც ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, ხან ინსტიტუტებს აუქმებს, ხან სასამართლოს დამოუკიდებლობას უთხრის ძირს, ხან ოპონენტებზე მუქარა-ზეწოლას ახორციელებს, ხან პარტნიორებთან შეთანხმების პირობებს არღვევს. ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დემოკრატიის უკუსვლა, ხაზგასმით არის ანგარიშში აღნიშნული.

იმედი მაქვს, ახლა მაინც, განაცხადის პროცესის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლება საკითხს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიუდგება და ყველა ვალდებულებას, ყველა აქტორის ჩართულობით, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულებს და არ გამოვა და იტყვის, რომ „ევროპარლამენტი შეცდომაშია შეყვანილი“, ან „ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცენ“, ან „სჯობს სიტუაციაში უკეთ გაერკვნენ“ და ა.შ.

სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალია!” – წერს მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო.