კონტრაბანდის საკითხს უნდა მტკიცებულებები, თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ამას „ქართული ოცნების“ ბრტყელი განცხადებები კი არა, ქმედებები სჭირდება – გიორგი ვაშაძე

ვითხოვ მტკიცებულებებს, ასევე აქტიურ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან – ბრიტანეთის, ევროკავშირის და ამერიკის სპეცსამსახურებთან ერთად უნდა განხორციელდეს ყველა ტვირთის მონიტორინგი, რომელიც ლარსის გავლით შეედინება რუსეთში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, თუ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა უკრაინულმა მხარემ მისი უარყოფა უნდა გააკეთოს, ხოლო იმისთვის, რომ საკითხი დაიხუროს, ქართულმა სპეცსამსახურებმა პარტნიორების სპეცსამსახურებთან უნდა ითანამშრომლოს.

,,ეს არის უმძიმესი ბრალდება, ამას სჭირდება მტიცებულებები. მე როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტს, არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოდან სამხედრო კონტრაბანდა მიედინება რუსეთის მიმართულებით, ამიტომ ვითხოვ მტკიცებულებებს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქტიურ ქმედებებს, დაუყოვნებლივ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად სრულფასოვანი შესწავლა მოხდეს ტვირთების, რომელიც გაედინება რუსეთის მიმართულებით საქართველოს გავლით. თუ ეს არის ტყუილი, ეს არის მძიმე ბრალდება და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდანაც, მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რომ დეტალურად მოხდეს ამის შესწავლა. თუ ეს ტყუილია, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, თუ საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. ამ ომის პირობებში, უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ნამდვილად მუშაობენ, ამერიკულ, ბრიტანულ და ევროპის სპეცსამსახურებთან ერთად, სანქციების გვერდის ავლას მთელი მსოფლიო ამონიტორინგებს დღეს, ამიტომ დამალული ეს საკითხი ვერ დარჩება”,- განაცხადა ვაშაძემ.