შეერთებული შტატები განიხილავს გზებს, თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატოს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს – აშშ-ს თავდაცვის მდივანი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატო-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს.

ამის შესახებ მან შეერთებული შტატების, აშშ-ის კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე განაცხადა. ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

„თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი კანონმდებელთა კითხვებს პასუხობდნენ. შეკითხვების უმეტესობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შეერთებული შტატების სამხედრო უნარიანობას შეეხო. საკუთარ გამხსნელ გამოსვლაში, თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ: „რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ისტორიული გამოწვევის წინაშე აყენებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევროპის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით“.

აღნიშნული გაიზიარა ასევე, გენერალმა მილიმ. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რომლის დასაცავადაც, ჩემი მშობლები და ამერიკელთა თაობები თავდაუზოგავად იბრძოდნენ, საფრთხეს უქმნის“, – აღნიშნა მან.