როცა დამბრალებელი გეუბნება, წარმოადგინე მტკიცებულებები, რაც დაგაბრალე სიმართლეა თუ არა, რა წესში ან რა დიპლომატიაში ჯდება ?! – ანრი ოხანაშვილი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

როდესაც გაბრალებენ და დამბრალებელი გეუბნება, წარმოადგინე ფაქტები და მტკიცებულებები, ის რაც დაგაბრალე სიმართლეა თუ არა, რა წესში ან რა დიპლომატიაში ჯდება ან რა ინტერესებს ემსახურება?! – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ შეტევის ერთი კონკრეტული ფაქტი არ არის და ამან უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო.

„ჩვენ მაქსიმალურად მოზომილად და სიფრთხილით ვეკიდებით განცხადებებს, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმას და უკრაინის ხელისუფლებისთვის პასუხის გაცემას ეხება. ამის ნაცვლად კამპანიური ხასიათის ცილისწამებას ვიღებთ იმ ხალხის ხელისუფლებისგან, ვისაც რა რესურსიც გვაქვს მხარდაჭერას ვუცხადებთ. ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ყველა საერთაშორისო ტრიბუნა იქნა გამოყენებული, რათა პარტნიორებთან ერთად საერთო ხედვა დაგვეფიქსირებინა. ცხადზე ცხადია, ამ ყველაფერში ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები არიან ჩართული – კონკრეტულად კი “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.