საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება მასწავლებლის მომზადების პროგრამა გაიაროს და დიპლომთან ერთად მასწავლებლად მუშაობის უფლება მოიპოვოს – გიორგი ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი იწყებს მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, რომელიც სტუდენტებისთვის საბაკალავრო საფეხურზე სწავლების ფარგლებში, მასწავლებლების მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შესაძლებლობას შეეხება.

„საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს შეეძლება სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, ასევე მოიპოვოს მასწავლებლად მუშაობის უფლება. შესაძლებელი გახდება მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში უფრო მცირე დროში შესვლა, კურსდამთავრებულებს დასაქმების კუთხით მოტივაცია გაეზრდებათ. ასევე. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას ე.წ სტემ საგნებში, სადაც დღეს გვაქვს გამოწვევები“, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.