„ევროპელი სოციალისტებმა“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინეს – „სახელმწიფო ვალდებულია დააბრუნოს და დაიცვას თითოეული ადამიანი, რომელიც გაექცა ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და კონფლიქტურ ვითარებას”

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ფრიდონ ინჯიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

საპარლამენტო ჯგუფის მიზანია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები შევიდეს, რომელიც მათი თქმით გაამარტივებს 1990-იან წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობისა და სამხედრო კონფლიქტების გამო საქართველოდან წასული ადამიანებისა და მათი შვილების საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხს.

ფრიდონ ინჯიამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 3.728,573 კაცს შეადგენს. მისი თქმით, მოსახლეობის რიცხოვნობის ამსახველი ეს ციფრები, მკაფიოდ ასახავს ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ და მიგრაციულ მწვავე პრობლემებს.

„ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელთან ერთად, შესამჩნევია ემიგრანტების დაბრუნების კლებადი ტენდენციაც. სახელმწიფო ვალდებულია დააბრუნოს და დაიცვას თითოეული ადამიანი, რომელიც გაექცა ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, კონფლიქტურ ვითარებას, ან იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა მისცეს მათ საქართველოში დაბრუნების საშუალება და მოტივაცია“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ.

მან იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც ემიგრანტები, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში, არის ისეთი დათქმები, რომლებიც თეორიულად თითქოს ამარტივებენ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს, პრაქტიკული თვალსაზრისით, აღნიშნული ჩანაწერები სრულად ვერ უზრუნველყოფენ მის ეფექტურ რეალიზაციას. საჭიროა, ისეთი მიგრაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც ერთ მუშტად შეკრავს საქართველოდან წასულ და გაფანტულ ადამიანებს. მათ გაუჩენს ინტერესს და მოტივაციას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რათა ისინი საბოლოოდ დაბრუნდნენ სამშობლოში თავიანთ შვილებთან ერთად. მათ უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მისი თქმით, კანონში აღნიშნული ცვლილებები მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს, რათა მათთვის არ არსებობდეს ისეთი შეზღუდვები და ბარიერები, როგორიცაა რთული ტესტირება სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის საფუძვლებში.

„მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და დემოგრაფიული საკითხის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებს, ფრიდონ ინჯიას, ავთანდილ ენუქიძეს, დავით ზილფიმიანს და ზაზა მიქაძეს ეკუთვნის.