სანქციები არსებობს, რათა მოხდეს პუტინზე ზეწოლა და ეს უნდა იყოს თანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლა განხორციელდეს – კელი დეგნანი

მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილი იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა, რითაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადების შესახებ კითხვას უპასუხა.

„ეს არის სეროზული განცხადებები, ბრალდებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის.

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იგი არ მისცემს ამის საშუალებას, რომ მოხდეს რამე ამგვარი დარღვევა. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პუტინს შეუძლია, რადგან მან დაიწყო ეს ომი. სანქციები არსებობს, რათა მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდა იყოს თანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლა განხორციელდეს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით. ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული საკითხებია, რომლებიც არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე. ამისათვის აუცილებელია, მოხდეს მნიშვნელოვანი სამთავრობო არხების გამოყენება. ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი. მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.