ზელენსკი: რუსი ოკუპანტები დონბასში თავიანთი ავადმყოფური ამბიციების განსახორციელებლად ემზადებიან – ჩვენ ვიბრძოლებთ, ეს არის ჩვენი მიწა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები დონბასში თავიანთი ავადმყოფური ამბიციების განსახორციელებლად ემზადებიან. თუმცა, უკრაინა ეძებს დაცვის ყველა შესაძლო ვარიანტს, სანამ რუსეთი სერიოზულად არ დაიწყებს მშვიდობაზე საუბარს.

„რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სამხედრო ძალების ორგანიზებას, რათა განახორციელონ თავიანთი ავადმყოფური ამბიციები დონბასში. ისინი ემზადებიან აქტიური შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ემზადება რუსული სამხედრო პოტენციალის, ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დასუსტებისა და განადგურებისთვის.

„ჩვენ ვიბრძოლებთ და არ დავიხევთ უკან. ჩვენ ვეძებთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა დავიცვათ თავი, სანამ რუსეთი სერიოზულად არ დაიწყებს მშვიდობაზე ფიქრს. ეს არის ჩვენი მიწა. ეს არის ჩვენი მომავალი. ჩვენ მათ არ დავთმობთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.