თუ ფიქრობენ, რომ დასავლური სახელმწიფოები ასე უინტერესოდ მოვლენ და აღადგენენ უკრაინას, მსგავსი არაფერი იქნება! თუ ისინი ააშენებენ რაიმე სახის ქარხანას უკრაინაში, ეს არ იქნება უკრაინელი ხალხის ქარხანა – ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებზე ბელორუსის პოზიციაც უნდა გამოითქვას.

„უბრალოდ, პირველად მინდა მოგახსენოთ ჩვენი პოზიცია, ბელორუსის მონაწილეობის გარეშე მოლაპარაკება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ბელორუსის პოზიცია უნდა გაჟღერდეს“ – განაცხადა ბელორუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა.

ლუკაშენკომ, რუსეთის მიერ წოდებულ სამხედრო ოპერაციას ომი უწოდა. მისი თქმით ეს ომი ბელორუსის გავლენის მიღმაა, რაც ბელორუსის ვითარებაზე სერიოზულად აისახება.

„ჩვენ არ გამოვდივართ იქიდან, რომ რუსეთთან ერთ კალათაში ჩავვარდით. არა. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ ეს ომი ჩვენი ქვეყნის გალავნის მიღმაა. ეს სერიოზულად აისახება ბელორუსის ვითარებაზე. ამიტომ, ბელორუსის ზურგს უკან ცალკე შეთანხმებები არ უნდა იყოს. არ შეიძლება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ რუსეთს ესმის ეს პოზიცია. ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება დასავლეთის განზრახვას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიცეკვოთ დასავლეთის ჰანგზე“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ალექსანდრე ლუკაშენკომ, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ უნდა გაიგოს, რომ ომის შემდეგ დაიწყება აღორძინების პერიოდი, საჭირო იქნება ქვეყნის აღდგენა.

„და თუ ფიქრობენ, რომ დასავლური სახელმწიფოები ასე უინტერესოდ მოვლენ და აღადგენენ უკრაინას, მსგავსი არაფერი იქნება! თუ ისინი ააშენებენ და აღადგენენ რაიმე სახის ქარხანას უკრაინაში, ეს არ იქნება უკრაინელი ხალხის ქარხანა. ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ უკრაინაში საერთოდ არაფერი დარჩება უკრაინული. ამ ყველაფერს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის დიდი ქვეყნების ოლიგარქები ჩაახშობენ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.