რას ჰქვია უკრაინა დაიჩაგრა? ზელენსკი უღიტინებდა? მან დაიწყო დაბომბვა? – ჩემი ნება რომ იყოს, ვინც ზელენსკიზე ძვირს ამბობს, ერთ ეშელონში ჩავსვამდი და რუსეთში გავუშვებდი, იცხოვრონ იქ – ალეკო ელისაშვილი

რას ჰქვია უკრაინა დაიჩაგრა?! ანუ უკრაინას შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა და არ აიცილა?! – ღარიბაშვილს ისტორიის წიგნი უკუღმა აქვს წაკითხული, ან საერთოდ არ იცის რა არის ისტორია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

აღნიშნულით მან პრემიერის განცხადება შეაფასა, რომ ომით თუ ვინმე დაიჩაგრა და დაისაჯა, ეს უკრაინაა.

ელისაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას პრემიერის მსგავსად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ უყვარს, საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომს თავიდან ვერ აირიდებდა.

„ეს არის სამარცხვინო განცხადება პოლიტიკურად, ადამიანურად და სახელმწიფოებრივადაც! რას ჰქვია უკრაინა დაიჩაგრა?! ანუ, უკრაინას შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა და არ აიცილა?! წავიდა და ომში გავარდა?! კარგი, ღარიბაშვილი სააკაშვილს ვერ იტანს, ვერც მე ვიტან ამ სააკაშვილს, მაგრამ თავიდან ვერ ავირიდებდით ჩვენ მაშინ იმ ომს. ყირიმის, დონბასის და ამ მოვლენებმაც დაადასტურა. მთელი მსოფლიო იყო პუტინთან სასაუბროდ ჩასული, რომ აეხსნათ, ნუ დაესხმები თავს, თუმცა მაინც დაესხა. ღარიბაშვილს ისტორიის წიგნი უკუღმა აქვს წაკითხული, ან საერთოდ არ იცის, რა არის ისტორია. ღარიბაშვილის ლოგიკაა, რომ იაპონია, ფინეთი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა დაიჩაგრა რუსეთთან მიმართებაში. ყველა დამნაშავე ვართ რუსეთთან, რუსეთი მართალია.

გამოდის, რომ ჩვენ ვავიწროებთ რუსეთს, ისეთი პატარა ქვეყანაა, რომ არ ჰყოფნის თავისი მიწა-წყალი და ყველა ვჯიჯგნით. ეს არის ღარიბაშვილის ლოგიკა?! რუსეთივით სამარცხვინოა ღარიბაშვილის განცხადება. რას ჰქვია დაიჩაგრა?! ზელენსკი უღიტინებდა? ზელენსკიმ წაართვა ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი?! ზელენსკიმ დაიწყო კიევის დაბომბა, თუ როგორ არის ეს ამბავი?! ქართველებს ჩვენი ხელისუფლების გვრცხვენია. არ ვიცი რა გავაკეთოთ. მე ვეუბნები, რომ ქართველი დეპუტატი ვარ, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი. სიმართლე გითხრათ, ამას არ იჯერებენ. ყველაზე მეტი მოხალისე ქართველი მეომარია. სასწაული სახელი აქვთ ქართველ მეომრებს. დღეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რატი ბურდულს ორდენი გადასცა გმირობისთვის. ძალიან დიდი სახელი აქვთ ქართველ მეომრებს! მეც რა მრჯის? ცოლი, შვილები მყავს და ყველაფერი დავტოვე, პატარა ბავშვივით გამოვიპარე. დილით უთენია ავდექი და ვუთხარი ცოლს, ტყეში კარვით მივდივარ-მეთქი, გადავიკიდე ზურგჩანთა. ის მრჯიდა, რომ რუსეთმა აქ თუ არ დაიჩოქა, ყველას და ყველაფერს გადაუვლის! რუსეთი თუ აქ საერთო ძალისხმევით დავამარცხეთ, მაშინ აფხაზეთის, ცხინვალის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებაც გაიოლდება. ნუთუ, ეს არ ესმით ჩვენს ხელისუფლებაში?!“,- აღნიშნავს ელისაშვილი.