ასეთი მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია – სამწუხარო რეალობაა, როდესაც ვისმენთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის მხრიდან – ირაკლი კობახიძე პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოგზავნილი მოწვევა არარელევანტურია და სამწუხაროა, როდესაც უკრაინის მხრიდან „შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ „უკრაინის მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არასწორი ნაბიჯების გადადგმას“.

„პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია. სამწუხარო რეალობაა, როდესაც ვისმენთ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის მხრიდან, რასაც თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს. დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია. ეს არის სამწუხარო რეალობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იდგმება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არასწორი ნაბიჯები“,- განაცხადა კობახიძემ.