დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი პრორუსული არხის „ალტ-ინფოს“ და „კონსერვატიული  მოძრაობის“ შესაძლო რუსულ კავშირებსა და დაფინანსების წყაროებს აქვეყნებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, ღიად პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული  მოძრაობის“ დაფუძნების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას, სავარაუდოდ, რუსული წყაროებიდან იღებს. ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ პარტიის ლიდერები დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ დამფინანსებლების ვინაობას.

მათივე ცნობთ, პარტიის დაფინანსების წყაროების შესახებ საზოგადოებრივი ინტერესი გააღრმავა კონსტანტინე მორგოშიას განცხადებამ რუსეთში მოლაპარაკებებზე წასვლისა და ფინანსური რესურსის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები პირებისგან მიღების შესახებ. არსებული ეჭვები გააღრმავა ასევე „ფლანგვის დეტექტორის“ განცხადებამ, რომ კონსერვატიული მოძრაობის ოფიციალური ვებგვერდის ჰოსტინგი რუსეთში მდებარეობს.

DRI -ის ინფორმაციით, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარში გაიმართა რუსეთის დუმის დეპუტატებისა და „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთობლივი კონფერენცია ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. სადაც მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატები არტიომ ვიქტორის ძე ტუროვი და კაზბეკ ტაისაევი. ტაისაევი 11 მარტს მოხვდა აშშ-ს მიერ ინდივიდუალურად სანქცირებული პირების სიაში.

„ოფიციალური მონაცემებით „კონსერვატიული მოძრაობის“ შემოწირულება 2022 წლის 26 მარტის ჩათვლით 94.035 ლარია. ზეზვა ჩანქსელიანი პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია. მან 2022 წლის 10 მარტს პარტიას 8000 ლარი შესწირა. 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზეზვა ჩანქსელიანმა ხელისუფლების მიერ ღიად მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 1000 ლარის შემოწირულება გაიღო. ზეზვა ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, მურად ჩანქსელიანის ოჯახის წევრია.

მურად ჩანქსელიანის დეკლარაციის მიხედვით, ზეზვა ჩანქსელიანი მასთან ერთად ფლობს ქონებას. ზეზვა ჩანქსელიანის სახელზეა გაფორმებული არაერთი კომპანია. მათი დეტალური შემოწმების შედეგად ყურადღებას იპყრობს შპს „მშენებელი 2006“. ეს კომპანია „ქართული ოცნების“ ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გია გაზდელიანის სახელს უკავშირდება. იგი იკავებდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტსაც. 2016 წლის არჩევნების წინ, გაზდელიანმა კომპანია ჯერ სამსონ ფირცხალავას გადაუფორმა უსასყიდლოდ, შემდეგ კი ალუდა ჩანქსელიანს. დღეს კომპანიის მმართველია ალუდას ძმა, ზეზვა ჩანქსელიანი.

ზეზვა ჩანქსელიანის საკუთრებაში არსებული კომპანიებიდან ასევე აღსანიშნავია შპს „კოლხიდმშენი 2011“, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული სახელმწიფო ტენდერებში, თუმცა სამი ტენდერიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა. ამ შემთხვევაში შემსყიდველი იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მომსახურების სავარაუდო ღირებულება კი 187 882 ლარს შეადგენდა,” – ნათქვამია ინფორმაციაში.