ლევან იოსელიანი – დღეს არასწორია იმაზე საუბარი, რომ უკრაინელების მხრიდან რაიმე საწყენია – დღეს ეს ქვეყანა ომშია, სისხლისგან იცლება

პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს არასწორია იმაზე საუბარი, რომ უკრაინელების მხრიდან რაიმე საწყენია. იგი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიწვევის შესახებ.

„ვფიქრობ, როგორც არ უნდა იყოს საკითხი, ვისზეც არ უნდა იყოს პერსონალურად ნაწყენი ან ვინმეს არ მოსწონდეს უკრაინული მხარის განცხადება, დღეს ეს ქვეყანა ომშია, ეს ქვეყანა სისხლისგან იცლება. რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას ახორციელებს. მგონი, დღეს იმაზე საუბარი, რომ უკრაინელების მხრიდან რაიმე საწყენია, არ არის სწორი. დღეს ის დროა, როდესაც გვერდში უნდა ვედგეთ უკრაინას როგორც პოლიტიკურ, ისე ადამიანურ დონეზე. რაც შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.