გიორგი ვაშაძე – საუბრებია, რომ რიგგარეშე არჩევნების ან პატიმრების საკითხი დოკუმენტიდან ამოვარდება, ამის 1%-იან შანსსაც არ ვუშვებ, საკითხი ასე არ დგას!

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოლაპარაკების დოკუმენტში ექვსივე პუნქტი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებისა და პატიმრების გათავისუფლების საკითხი უნდა დარჩეს.

როგორც ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთ შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, არ ფიქრობს, რომ დღევანდელი შეხვედრა მოლაპარაკების პროცესში ბოლო იქნება.

„ჩემთვის პრინციპულია რომ ექვსივე საკითხი იყოს დოკუმენტში და თითოეულ ამ საკითხზე იყოს შეთანხმება. რა თქმა უნდა, დიდ ანგარიშს გავუწევ დასავლელი პარტნიორების პოზიციას, მაგრამ ყველასთვის ცნობილია ჩვენი პოზიციებიც. ყველა საკითხი უნდა იყოს დოკუმენტში. საუბრებია, რომ რიგგარეშე არჩევნების ან პატიმრების საკითხი ამ დოკუმენტიდან ამოვარდება, პირდაპირ გეუბნებით, ამის 1%-იან შანსსაც არ ვუშვებ. ასე არ დგას საკითხი, ეს არის არასწორი ინფორმაცია, რაც ვრცელდება. ორივე ეს საკითხი აუცილებად იქნება“,- განაცხადა ვაშაძემ.