სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენ უკრაინელი ძმების გვერდით, ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინელებს შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი

დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არამხოლოდ 9 აპრილის გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს გმირებს ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იმავე იდეებისთვის, იმავე იდეალისთვის იმავე თავისუფლებისთვის, იმავე დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინელებს შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი.

„ჩვენი მაგალითი არის ის, რომ 1989 წლის 9 აპრილის მოყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი. ეს არის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა, ყოველთვის ღირს, თუ ეს არის ღირსებისთვის, თუ ეს არის თავისუფლებისთვის და ჩვენ ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს და ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენ უკრაინელი ძმების გვერდით. ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინელებს შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი. არ უნდა დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარული, ვიყოთ ჩვენი წარსულისა და ჩვენი ტრადიციების ღირსი და ამ ადამიანების ღირსი. აქ 1989 წელს იდგნენ და არ დაჩოქილან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.