გია ვოლსკი: მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა უკრაინის გარდა, რომელიც ისეთი საფრთხის ქვეშაა, როგორიც საქართველო, სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი ევროკავშირისადმი მიმართვა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ კონკრეტული ოპოზიციური პარტიებს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია არ სურთ.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბევრი დაბრკოლებაა, მათ შორის იმიტომ, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას დიდი რესურსი აქვს ჩართული, იმისთვის, რომ ამ მიმართულებით საქართველომ წარმატებას ვერ მიაღწიოს.

„მდგომარეობა გაცილებით რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. გადატანილია იმ სპეკულაციებში, რასაც ჰქვია პოლიტიკურ პარტიათა შორის დაპირისპირება. დაბრკოლებაა უშველებელი, რომ მთელი რესურსი აქვთ ჩართული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რომ როგორმე ამ მიმართულებით რაიმე წარმატება საქართველომ არ მიაღწიოს.

უკვე არავისთვის დამალული არაფერია. პოლიტიკურ ასპარეზზე მერკანტილიზმი იმდენად დიდია, რომ მე არ მგონია თქვენი მაყურებლისთვის რამე დამალული იყოს. არის მეორე თემა – ესაა ფორსმაჟორული სიტუაცია, რომელიც ომის გამო შეიქმნა.

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა დღეს, უკრაინის გარდა, რომელიც ასეთი საფრთხის ქვეშ იყოს, როგორიც საქართველოა. აქედან გამომდინარეობს ჩვენი მიმართვა ევროკავშირისადმი და არა იმ კეკლუცობიდან, რომელიც ზოგიერთ პარტიას სჩვევია, რომ აი როგორ პროდასავლურები და პროევროპულები არიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.