გია ვოლსკი – ევროკომისიის მიერ გადმოცემულ კითხვარში ხაზგასმული იქნება, რომ საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში არ არსებობდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო ევროკომისიის მიერ გადმოცემულ კითხვარს შეავსებს და ხაზგასმული იქნება ის, რომ საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში არ არსებობდა.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, საქართველომ ევროკომისიის მხრიდან 369 კითხვა მიიღო, რომლის მთავარი მონაცემებია ის, რომ საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არის ევროკავშირის ასოცირების წევრი და თავისუფალი მიმოსვლისა და ვაჭრობის რეჟიმი აქვს.

„ეს ყველაფერი 2014 წლის შემდეგ მოხდა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, რომელიც არ არსებობდა. ქვეყანაში მართლმსაჯულების თემა არ არსებობდა და სააკაშვილის დროს დანამატი იყო, ახლა არსებობს და ქართულ მართლმსაჯულებას საერთაშორისო რეიტინგებშიც მაღალი ნიშნული უკავია“, – განაცხადა ვოლსკიმ.