არჩილ თალაკვაძე – ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და გავემგზავრებით, როდესაც შესაძლებლობა იქნება

ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და გავემგზავრებით, როდესაც შესაძლებლობა იქნება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს.

„ჩვენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, გავემგზავრებით, რათა კიდევ ერთხელ მივუსამძიმროთ უკრაინასა და უკრაინელებს ის მძიმე ადამიანური დანაკარგები, რაც სამწუხაროდ, ამ ომს თან ახლავს. ასევე, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, ჩვენი მხარდაჭერა.

მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ომის დაწყების დღიდან საქართველო ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გაერო-ში, ეუთო-ში, ევროსაბჭოსა და ჰააგაში გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილია.

მთავარია, რომ უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენი საპარლამენტო გუნდის მზადყოფნა გამოთქმულია. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და მზად ვართ, უკრაინაში გავემგზავროთ. პარტიის თავმჯდომარემ ამომწურავად ისაუბრა იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც ორმხრივად დამატებით კომუნიკაციას ნამდვილად საჭიროებს. ვფიქრობ, ამისთვის სათანადო დრო და სივრცე მოიძებნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.