სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად, პარლამენტს ორი კანდიდატურა წარედგინა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინება დარეგისტრირდა,რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად ლონდა თოლორაიას და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატების წარდგენას შეეხებოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე, აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი იმსჯელებს.

სხდომაზე ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივას – „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ“ შეთანხმებას და საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ.

სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, სერგო რატიანმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

მისი თქმით, კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები იყო მნიშვნელოვანი, ქმედითი და ზუსტი.

რჩება რეკომენდაციების მეორე ნაწილი, რომელიც ჯერ არ არის შესრულებული და ამაზე საუბრობს სახალხო დამცველიც. ეს რეკომენდაციები ეხება სამოხელეო დანაშაულს და სახეზეა დარღვევები, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

დეპუტატის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემგანაცხადა: ხორავას საქმეზე შექმნილ კომისიას, კომისიის ხელმძღვანელობას და მის თითოეულ წევრს გაწეული მუშაობისთვის, ჩვენ არაერთხელ, საჯაროდ გადავუხადეთ მადლობა. შესრულებული სამუშაო იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი, შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ და მადლობა გადავუხადოთ გაწეული საქმიანობისთვის. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მართალს ბრძანებთ, რომ იქ არის საჭირო დამატებით, პარლამენტის მხრიდან ინფორმაციის მოძიება და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, იმისთვის, რომ დამატებით მივიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება, მათ შორის, დადგენილებით განსაზღვრული რეკომენდაციების მეორე ნაწილი“.