ბატონმა პრემიერმა გამოგვიცხადა, რომ ევროკავშირის წევრობაზე კითხვარის მიღება მმართველი გუნდის დამსახურებაა – სირცხვილია! ეს გიორგი მთაწმინდელის და 9 აპრილის გმირების დამსახურებაცაა – არმაზ ახვლედიანი

ევროკავშირის წევრობაზე კითხვარი მივიღეთ და ბატონმა პრემიერმა გამოგვიცხადა, რომ ეს მმართველი გუნდის დამსახურებაა – მგონია, რომ სირცხვილია! ეს გიორგი მთაწმინდელის დამსახურებაცაა, ანთიმოზ ივერიელისაც, გრიგოლ ფერაძისა და 9 აპრილის გმირებისაც, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ახლა მმართველი გუნდის ხელშია, აღნიშნული კითხვარი ქაღალდად დარჩება თუ რეალური ნაბიჯები გადაიდგმება.

ახვლედიანმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 9 მაისს აღნიშვნით პუტინის ზეიმის თანამოზიარეები არ უნდა ვიყოთ.

„მგონია, რომ დღეს საქართველოს 4 ძირითადი საფრთხე აქვს. პირველი უკავშირდება რუსეთს, რუსეთის გაუგონარ აგრესიას მსოფლიოში, კერძოდ უკრაინაში. 8 და 9 მაისი – ხშირად გაიგონებთ ალბათ, როდის უნდა აღინიშნოს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე. მგონია, დადგა მომენტი, როდესაც ჩვენთვის აღარ უნდა იდგეს ეს კითხვა. თუ ვინმეს ამ დღეს ეზეიმება, ეს უნდა იყოს 8 მაისი. წელს, განსაკუთრებით 2022-ში რას აპირებს პუტინი 9 მაისისთვის, როგორც ჩანს, ვნახავთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ თანამოზიარე მისი, ამ პირსისხლიანი ჯალათის ზეიმისა და გამარჯვებისა. გუშინ, ბათუმში ჩავედი და გაოცებული ვარ – გზად ყველგან ხედავ უკრაინის დროშას, სხვადასხვა სახით გამოხატულ სოლიდარობას. იმავდროულად გვიან ღამით, ბათუმში, ვიღაც თავისი განცხრომის, სიხარულის შემდეგ მოაწყობს ფოიერვერკს. თანამოქალაქეებს და სტუმრებს რომ არაფრად აგდებს, ეს ერთია, მაგრამ არც იმას ითვალისწინებს, რომ უკრაინელი ბავშვები, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ, თითოეულ ამ გასროლაზე გულგახეთქილები არიან. მინდა, ამ ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო – რა ქაჯობაა, რა ველურობაა, ამასაც რაღაც განსაკუთრებული აქტი სჭირდება, გავიგოთ, რომ ეს არის უკულტურობა და მეტი არაფერი?“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.