საუბარი იყო კრიმინალების გათავისუფლებაზე და ოპოზიციამ არახამია აარჩია, ვისზეც არ იყო საუბარი, კრიმინალები ვინ არიან ვიცით, ხომ? – სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე – კობახიძე

ჩანს, როგორი ,,ფეიკები” არიან, საუბარი იყო კრიმინალების გათავისუფლებაზე, ოპოზიციამ მაინც და მაინც არახამია აარჩია, ვისზეც არ იყო საუბარი, კრიმინალები ვინ არიან ვიცით, ხომ? – ეს არის სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე, უმძიმესი კრიმინალები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მის მიმართ ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, როცა ორი ქვეყნის მეგობრობაზეა საუბარი, პრინციპულია, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს.

,,აქედანაც ჩანს როგორი ,,ფეიკები” არიან ეს ადამიანები, სამი ადამიანის გათავისუფლებაზე იყო საუბარი იმისთვის, რომ იყოს სუფთა ურთიერთობები, ამათ თქვეს მეოთხე – არახამია, ეს არის ტყუილი. არახამიაზე მე ვთქვი, რომ შუამავალია, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, როცა გათავისუფლებაზე იყო საუბარი, საუბარი იყო კრიმინალებზე. კრიმინალები ვინ არიან ვიცით, ხომ? – ეს არის სააკაშვილი, უმძიმესი კრიმინალი; ადეიშვილი, ასევე უმძიმესი კრიმინალი და ლორთქიფანიძე, ასევე უმძიმესი კრიმინალი, რომლებსაც უმძიმეს დანაშაულებში აქვთ მიღებული მონაწილეობა და არა მარტო მონაწილეობა, ისინი ლიდერები იყვნენ დანაშაულებრივი რეჟიმის. შესაბამისად, საუბარი იყო კრიმინალების გათავისუფლებაზე, მათ მაინც და მაინც აარჩიეს არახამია, ვისზეც არ იყო საუბარი, აქედან ჩანს მათი ,,ფეიკ” ბუნება. აქ არავითარ ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ, როცა საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, ასეთ დროს პრინციპულია, ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს, თქვენ წარმოიდგინეთ, იანუკოვიჩი რომ იყოს ჩვენთან რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ეს რა თქმა უნდა, გააფუჭებდა ურთიერთობას უკრაინას და საქართველოს შორის,”- განაცხადა კობახიძემ.