კალაძე: ინფორმაცია, თითქოს საბავშვო ბაღების კვების ტენდერი არ შედგა, სიცრუეა!

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს, საბავშვო ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტების მომარაგებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, აბსოლუტური ტყუილია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

კახა კალაძე  „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტენდერი 4 დეკემბერს გამოცხადდა და ჯერ კიდევ დახურულია. შესაბამისად, შეუძლებელია რომელიმე მონაწილე კომპანიის ნახვა იმ ეტაპამდე, ვიდრე ყველა კომპანიის წინადადების მიღება არ დასრულდება.

„მინდა, შევეხო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიცრუეებს, რომელსაც ვეღარ ავუდივართ. მთავრობის სხდომას ვერ ვატარებთ ისე, რომ მათ ტყუილებზე პასუხის გაცემა არ მოგვიწიოს. რადგან მე პასუხისმგებელი ვარ მერიაზე და მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, ვალდებული ვარ, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდო. ასევე, მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, ამ ტელეკომპანიას არცერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ, რადგან ამას საზოგადოება ისმენს და სიმართლე ჰგონია. ყველა ტყუილზე უნდა მოხდეს რეაგირება. სხვათა შორის, კვლევის თანახმად, „რუსთავი 2“-დან მოწოდებული ინფორმაციის 79% სიცრუეა. სიუჟეტში საუბარი იყო, თითქოს, საბავშვო ბაღების 61 ათასი აღსაზრდელი საკვების გარეშე დარჩა. სრულიად გაუგებარია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სიუჟეტი ეთერში 6 დეკემბერს გავიდა, კვების ტენდერი კი 4 დეკემბერს იყო გამოცხადებული.

„ტენდერი დღეს მთავრდება და გამარჯვებული კომპანია სწორედ დღეს გახდება ცნობილი. ახლაც კი შეუძლებელია, მასში მონაწილეების ვინაობა ვნახოთ, რადგან ტენდერი დახურულია. გამარჯვებული კომპანია პროცედურების დასრულების შემდეგ გვეცოდინება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. მე, პირადად, ვალდებული ვარ ჩვენი მოსახლეობის, ამომრჩევლის წინაშე, ყოველთვის სწორი ინფორმაცია მივაწოდო მათ და წვდომა ჰქონდეთ იმ საკითხებზე, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.