გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ადამიანის მთავარ ღირებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრესიამ, ერთმანეთის სიძულვილმა და შეურაცხყოფამ ქართულ ღირებულებათა სისტემა შეცვალა.

“იმის მაგივრად, რომ ერთად, ყველა ჩვენი ძალითა და რესურსით ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალსა და ამოცანების დაძლევაზე, გაბედულად ვეძებდეთ გამოსავალს, ახალ ინიციატივასა თუ იდეას, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ. ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა – ყველაფერი, რაც საზოგადოებას ნაწილებად შლის; ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის გამოსავლის პოვნასა და წინსვლაში. აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ: აგრესია – შემწყნარებლობის ნაცვლად; სიძულვილი – სიყვარულის ნაცვლად; შეურაცხყოფა – ზრდილობის ნაცვლად; ეგოიზმი და კარჩაკეტილობა – სოლიდარობის ნაცვლად; შიში – ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით,  ჩვენს კულტურასთან ერთგვარმა გაუცხოებამ  საზოგადოებაში მისცა გასაქანი  შიშსა და უნდობლობას. შეთქმულების თეორიებს თუ სიძულვილის ენას. ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენას – ქალთა ძალადობას.

“გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები. თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც თავისუფლება სუფევს, ყველას აქვს და საქართველოში ყოველთვის ჰქონდა აღმსარებლობის არჩევის უფლება, თუმცა არავის აქვს უფლება შელახოს ინსტიტუტი, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა. ჩვენი ტრადიციული ღირებულებები, ზრდილობა, შემწყნარებლობა  და სოლიდარობა,  სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში. სოლიდარობის გარეშე მსოფლიო ვერც ერთ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება, შემწყნარებლობას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს საკუთარი შემწყნარებლობის ტრადიცია გააჩნია, რომელიც უნდა გადავარჩინოთ, და მსოფლიოს შევთავაზოთ.”- აღნიშნა პრეზიდენტმა