კარანტინში მყოფ მოქალაქეებს გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ

საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ. დოკუმენტს ჯანდაცვის სამინისტრ გასცემს.

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით,  მოქალაქეებმა ცნობის მისაღებად  სამინისტროს ელექტრონული ფოსტით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც უწყება სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს გასცემს.

„კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში ხორციელდება ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში მოთავსებას. იზოლაციაში იგულისხმება როგორც თვით იზოლაცია, ასევე ამ პირების საკარანტინო სივრცეებში მოთავსება. ვინაიდან მათ შორის არის ბევრი დასაქმებული ადამიანი და ამ პერიოდში მათ ექმნებათ გარკვეული პრობლემები თავიანთ შრომის უფლებებთან დაკავშირებით, ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტის გაცემას, რის საფუძველზეც მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ სრულად აუნაზღაურდეთ განაცდური დღეები. დამსაქმებლებისთვის ეს საბუთი ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება.” – განაცხადა ადამიამ.

ადამიამ ასევე აღნიშნა, რომ საკარანტინო სივრცეში არის დაახლოებით 97 ადამიანი და თვითიზოლაციაშო 92. თუმცა, როგორც ადამია განმარტავს, ეს რიცხვი ცვალებადია.