საქართველო საგარეო კურსს არასდროს შეცვლის

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას რუსულ აგრესიასა და ოკუპაციაზეც გაამახვილა საზოგადოების ყურადღება. მისი თქმით რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს სუვერენიტეტს  და ცდილობს დასახულ საგარეო ორიენტაციაზე  უარი გვათქმევინოს.

„თუ მისი მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობების  დამყარება, ეს ყველას ინტერესბშია, მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას და დეოკუპაციას.” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სჭირდება თავისი პოზიციები დააფიქსიროს როგორც მის პარტნიორებთან, ასევე რუსეთთანაც. ნებისმიერი საკითხის გადაჭრა კი არა ძალადობრივი გზით, არამედ გონიერებით, გამბედაობით და საზოგადოების ერთსულოვნებით უნდა მოხდეს.

” მავთულხლართების ყოველი გადმოწევა და ყოველი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზზე მიზნად ისახავს ჩვენს გამოწვევას, არ შეიძლება, ოკუპაციის საკითხი გამოყენებული იყოს ვიწრო, შიდა პოლიტიკურ არენაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გამოიწვიოს კრიზისი ან დესტაბილიზაცია.  დაუშვებელია, ოკუპაციის თემა გახდეს პოლიტიკური სპეკულირებისა და ნიშნის მოგების საგანი. ამიტომ, სრულიად მიუღებელია პირადი თუ პოლიტიკური ამბიციებისა და ინტერესების გამო ქვეყნის კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთი უმძიმესი ბრალდებას არ გააჩნია  არც  პოლიტიკური, არც – ეკონომიკური, არც   სამართლებრივი საფუძველი.  მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით  პრეზიდენტი არ აპირებს  “პოლიტიკურ ჭიდილში” ჩართვას და არც ერთ პოლიტიკურ მწვავე საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას, რადგან მიუკერძოებელი, ზეპარტიული და დამოუკიდებელი პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ მოახვევს.

“საპრეზიდენტო პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ არ შეწყდეს დიალოგი და ჩემი წინადადება ისევ ძალაშია. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე, რომ საკუთრივ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში.  ყველას მოვალეობაა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კორექტურობა და თამაშის წესები, რაც გულისხმობს ინსტიტუტების პატივისცემას და პირადი შეურაცხყოფისგან თავშეკავებას.”- აღნიშნა ზურაბიშვილმა.