„ჩვენი მთავარი ამოცანა პროფესიონალიზმი და არა პარტიული ნიშნით თანამდებობების განაწილება“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ წლიური ანგარიში წარმოადგინა. მან ხაზი გაუსვა არსებული საკრებულოს პროფესიონალიზმს და განაცხადა, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველა საერთო საქმეზეა ორიენტირებული.

 -„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი საკრებულო თავისი შემადგენლობით არის უპრეცედენტო ლაგოდეხის სინამდვილეში, როგორც მრავალპარტიული, განსხვავებული პოლიტიკური მიმდევრობისა და აზროვნების კუთხით. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ 2014 – 2017 წლების მოწვევის საკრებულო შედგება 8 პოლიტიკური პარტიისა და 2 დამოუკიდებელი დეპუტატისგან. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური თუ პიროვნული დამოკიდებულებებისა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობამ მოახდინა სრული კონსოლიდაცია საერთო საქმის კეთებისათვის. ყველა ჩვენთაგანმა გავითავისეთ, რომ ჩვენი უპირველესი მოვალეობა და ვალდებულება ლაგოდეხის მოსახლეობის სამსახურში ყოფნა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა.

 მინდა, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელმა ყურადღება გავამახვილო იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც გვერგო მემკვიდრეობით და რომლის ძირეული ცვლილებაც მოვახდინეთ ჩვენი მოსვლის შემდეგ. უპირველესად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი მმართველობა არ დაგვიწყია ერთპარტიული პრინციპით და არ ვცდილობთ საჯარო სექტორს ჩამოვაშოროთ განსხვავებული აზრის მატარებელი მოხელეები, რომლებიც განსხვავებით ძველი დროებისაგან დღეს ღიად აფიქსირებენ თავის პოლიტიკურ სიმპათიებს და არ აქვთ იმის შიში, რომ მათი დევნა მოხდება პოლიტიკური ნიშნით. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა საქართველოს სინამდვილეში ერთ- ერთი თითით საჩვენებელი საჯარო დაწესებულებებია ამ კუთხით. ჩვენ ვფიქრობ ყველაზე მეტად ვაქტიურობთ ადამიანის უპირობო უფლების, აზრის თავისუფლების დაცვის საკითხში და მეამაყება, რომ ამის თქმის საშუალება მაქვს ჩვენი გუნდის საქმიანობიდან გამომდინარე.

 ჩვენი მთავარი ამოცანა პროფესიონალიზმზე, საქმის მცოდნე სპეციალისტების მოტივაციის გაზრდაზე ზრუნვაა და არა პარტიული ნიშნით თანამდებობების განაწილება, რისი თქმის საფუძველსაც მაძლევს გამგეობასა თუ საკრებულოში საჯაროდ, ხაზი მინდა გავუსვა, საჯაროდ და სამართლიანად ჩატარებული ატესტაციებისა და კონკურსების შედეგები. რადგან პარტიულ კუთვნილებაზე მივედით, მინდა ამაყად განვაცხადო, რომ ჩვენი გუნდი პირველია ლაგოდეხის (და არა მარტო ლაგოდეხის) სინამდვილეში, რომელმაც ოპოზიციური პარტიის მიერ წამოყენებულ ინიციატივას მხარი დაუჭირა და საკრებულოს სრული შემადგენლობით დაამტკიცა. არ მინდა ჩემს ანგარიშში ვილაპარაკო მშრალ ციფრებზე, რომლებიც თითოეულმა თქვენგანმა ისედაც იცით, უბრალოდ მინდა ჩემი შეხედულება გამოვაცხადო, როგორც ქვეყნის მმართველი ძალის წარმომადგენელმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და დავიწყო მადლობის გადახდით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს საკრებულოში და დღემდე ერთგულია იმ პრინციპების, რა პრინციპითაც მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენი მიზანი იყო და არის პიროვნების თავისუფლება, რადგან თავისუფალი პიროვნების გარეშე შეუძლებელია თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბება და ძლიერი სახელმწიფოს შექმნა.

ჩვენ შევძელით და დავამტკიცეთ, რომ ადამიანის უპირობო უფლება, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება დაცულია.მადლობა მინდა გადავუხადო აგრეთვე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს იმ კონსტრუქციული ოპონირებისთვის, რომლის წყალობითაც ვცდილობთ ფხიზლად ვიყოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა გასაკრიტიკებელი რაც შეიძლება ნაკლები დარჩეთ. აღსანიშნავია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მონდომებული შრომა ჩვენი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების კუთხით. მადლობა გამგეობას მათ გაწეული საქმიანობისათვის და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უფრო მეტი აქტიურობისაკენ, რადგან პრობლემა ბევრია და საკეთებელიც აქედან გამომდინარე უამრავი. დრო კიდევ ცოტაა, ყველაფერი უნდა მოვასწროთ და ბევრი რაღაც დროზე ადრეც კია გასაკეთებელი“.

კომენტარის დატოვება