ჩვენთვისაც არ არის მაინცდამაინც მისაღები „ომის პარტიასთან“ ერთად ვიზიტი, მოცემულობა უკვე შეცვლილია, ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის, არამედ პარლამენტის თავნჯდომარის ვიზიტი უკრაინაში – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარისგან გუშინ მოისმინეს ძალიან საინტერესო და ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები ორმხივ ურთიერთობებთან დაკვაშირებით.

კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი გახდა „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაწყვეტილების საფუძველი, რომ შალვა პაპუაშვილი ჩავიდეს უკრაინაში.

„ყველა ვიყავით ჩართული, პრემიერიც იყო ჩართული ამ კონსულტაციებში და საბოლოო ჯამში გავიზიარეთ ჩვენ შალვას ინიციატივა უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა არგუმენტზე დაყრდნობით. ბუნებრივია, ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ინტერვიუს, რომელიც შედგა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც მოვისმინეთ ძალიან საინტერესო და ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკვაშირებით. ეს ყველაფერი გახდა ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ, როგორც ხალხის, ისე სახელმწიფოს მიმართ და ამ კუთხით არის შალვა პაპუაშვილის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ბუნებრივია, ამ ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავდროულად, კობახიძე ამბობს, რომ მოცემულობა უკვე შეცვლილია და ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავნჯდომარის ვიზიტი უკრაინაში.

„კიდევ ერთხელ გამოავლინეს მათ საკუთარი თავი, ერთმანეთს უპირისპირდებიან, ყველა საბაბს პოულობენ ამისთვის, ყველა მოცემულობაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არ არის მაინცდამაინც მისაღები „ომის პარტიასთან“ ერთად ამ ვიზიტის განხორციელება, მოცემულობა არის უკვე შეცვლილი. ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავნჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ყველა დეტალი გადაიხედება ამ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით“, – განაცხადა კობახიძემ.