მოღალატეების ფრთის, „ომის პარტიის“ ადგილი არც საკრებულოში და არც უმაღლეს საბჭოში არ არის – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გუშინ, 12 აპრილს ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ახალარჩეული დეპუტატის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება უნდა ეცნოთ და აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარე, კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა.

რიჟვაძის თქმით, მოღალატეების ფრთის, „ომის პარტიის“ ადგილი არც საკრებულოში და არც უმაღლეს საბჭოში არ არის. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ დიდად არ უნდა ინერვიულონ, დაესწრებიან თუ არა ისინი საკრებულოს სხდომას.

„მინდა, გითხრათ და გაგახაროთ, რომ ყველაფერი მიდის ჩვენი გეგმის შესაბამისად. რაც შეეხება ოპოზიციას, განსაკუთრებით, რადიკალურ ნაწილს – მოღალატეების ფრთას, „ომის პარტიას“, ჩემი აზრით, მათი ადგილი არ არის არც საკრებულოში, არც უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, მათი ადგილი, კარგ შემთხვევაში, არის ქუჩაში, ცუდ შემთხვევაში – ციხეში. ამიტომ დიდად არ უნდა ვინერვიულოთ არც ჩვენ, არც ბათუმელებმა, გადაწყვეტენ თუ არა ისინი შემოსვლას შესაბამის პოლიტიკურ და მუნიციპალურ ორგანოში.

დარწმუნებული ვარ, შემოვლენ კი არა, ძალიან მალე შემოცუნცულდებიან, როგორც ეს გააკეთეს უმაღლეს საბჭოში. ამდენად, გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ. თქვენ ნახავთ, რომ საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებას წინ არაფერი უდგას. პოზიცია არის ძალიან მყარი და ნათელი – ვმოქმედებთ შემდეგი 10 წლის გეგმის შესაბამისად. ასე რომ, მიუხედავად იმისა, ვინ რას გადაწყვეტს ჩვენი ოპოზიციიდან, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, მარტივია. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ოპოზიციას უნდა ჰკითხოთ, რამდენად აწყობთ რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ