,,იფრთხილონ, გასაცვლელ ადამიანთა შორის თავადაც არ მოხვდნენ” – მედვედევი უკრაინის ხელისუფლებაზე

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას გამოეხმაურა.

მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინას მედვედჩუკისგან ინფორმაციის გამოძალვა, შემდეგ კი მისი გასამართლება და გაცვლა სურს და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იფრთხილონ, რათა “გასაცვლელ ადამიანებს შორის თავადაც არ მოხვდნენ”.

„ზოგიერთი გიჟი, ვინც საკუთარ თავს „უკრაინის ხელისუფლებას“ უწოდებს, აცხადებს, რომ სურთ ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკს გამოსძალონ, შემდეგ კი „სწრაფად და სამართლიანად“ გაასამართლონ ის და შემდეგ სამხედრო ტყვეებში გაგვიცვალონ.

ეს ადამიანები გარშემო ფრთხილად უნდა იხედებოდნენ და ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, რათა გასაცვლელ ადამიანებს შორის თავადაც არ მოხვდნენ“, – წერს დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ არხზე.

ცნობისთვის, უკრაინას რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული, ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ
დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა, რომ პუტინის მეგობარი, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ.