,,ომი შორს არის დასრულებისგან” – ენტონი ბლინკენი

კიევის ტერიტორიიდან რუსული ჯარების უკან დახევისა და უკრაინული ძალების გამარჯვების მიუხედავად, ომი შორს არის დასრულებამდე, უკრაინა ემზადება ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენი მიესალმა თეთრი სახლის გადაწყვეტილებას უკრაინას გადასცეს ახალი 800 მილიონი აშშ დოლარის თავდაცვითი დახმარების პაკეტი.

„შეერთებულმა შტატებმა, მისმა მოკავშირეებმა, პარტნიორებმა უნდა იმოქმედონ და გაზარდონ სამხედრო დახმარება, რადგან უკრაინა ემზადება ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის, მისი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის. ჩვენ ვრჩებით მჭიდრო კავშირში უკრაინასთან და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის“, – აცხადებს ბლინკენი.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო თავისი თავდაპირველი გეგმების განხორციელება – კიევის აღება და მთელი ქვეყნის დამონება.

„აშშ და საერთაშორისო საზოგადოება პუტინის ომს კრემლის გრძელვადიან სტრატეგიულ მარცხად გადააქცევს“, – ამბობს ბლინკენი.