უკრაინაში დაღუპული გმირები, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი გმირი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა საქართველოში ჩამოასვენეს.

აეროპორტში ქართველი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.

დავით მენაბდიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთავში, სიონის ტაძარში გაიმართება. რაც შეეხება ნიკას შანავას, ის საკუთარ სახლშია გადასვენებული. ხვალ მას ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაასვენებენ.

მენაბდიშვილი და შანავა 9 აპრილს, ხარკოვის ქალაქ იზიუმში ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს. მარიუპოლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება კი ისევ ვერ ხერხდება.