უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, მინდა, გავარკვიო მათთან, ამოიწურა თუ არა ჩვენ შორის გაუგებრობა – ვახტანგ მეგრელიშვილი

უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი სახე ნორმალურად ვაჩვენოთ, არ ავყვეთ მედიაში დაწყებულ უცნაურ სკანდალს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, უკრაინელებთან მიიტანს მესიჯს, რომ საქართველო უკრაინის გვერდით არის.

„მინდა, რაღაცნაირად მესიჯი მივიტანოთ უკრაინელებთან, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ ერთი და როგორ ვთანამშრომლობთ ევროინტეგრაციის გზაზე. ამ შეხვედრიდან მინდა გავარკვიო, უკრაინულ მხარეს თუ დარჩა რაიმე პრეტენზია ქართულ მხარესთან და პრაგმატულად როგორ ვმუშაობთ ერთად, ამოიწურა თუ არა ჩვენ შორის გაუგებრობა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრია გიორგი ხოჯევანიშვილი.