„ჩვენ ვათავისუფლებთ დონეცკსა და ლუგანსკს“ – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში ომის შესახებ კომენტარი მარტის შემდეგ პირველად გააკეთა. მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ განთავისუფლება გეგმის მიხედვით ხორციელდება.

„დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ გათავისუფლების გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება“, – აცხადებს შოიგუ.

ამავდროულად, შოიგუმ შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები უკრაინაში ომის მაქსიმალურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

„უკრაინისთვის სულ უფრო მეტი რაოდენობის იარაღის მიწოდება ნათლად აჩვენებს დასავლეთის განზრახვას, მოახდინოს კიევის რეჟიმის პროვოცირება იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლონ“, – აცხადებს შოიგუ.

აღსანიშნავია, რომ შოიგუ ბოლო სამი კვირის განმავლობაში თითქმის არ ჩანდა საზოგადოებაში და არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. აპრილის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.