ნატო: ავღანეთში ყველა მხარეს მოვუწოდებთ, კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შექმნაზე, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი მონაწილეობით

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ავღანეთში მომხდარი მძიმე მოვლენების გამო და ძალადობის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ასევე გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ავღანეთში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ ალიანსის უშუალო ამოცანა ალიანსის წევრი ქვეყნების მოქალაქეების, პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების უსაფრთხო ევაკუაციაა.

„ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად და გააძლიეროს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევები, რასაც მათ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიაღწიეს. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების აქტორების გვერდით ვდგავართ, რომლებმაც ავღანურ საზოგადოებაში თავიანთი მნიშვნელოვანი როლის შესრულება უსაფრთხოდ უნდა შეძლონ. ავღანეთში ყველა მხარეს მოვუწოდებთ, კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შექმნაზე, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი მონაწილეობით. დღევანდელ ვითარებაში ნატომ შეწყვიტა ავღანეთის ხელისუფლების ყოველგვარი დახმარება. ავღანეთის ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, უზრუნველყოს ყველა ავღანელის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და უმცირესობების უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის დაცვა, დაუშვას შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უზრუნველყოს, რომ ავღანეთი აღარასოდეს გახდება ტერორისტების თავშესაფარი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ალიანსში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ტერორისტების მხრიდან მუქარას არ დაუშვებენ.