ივანე ჩხაიძე: თუ უახლოესი სამი თვე ბავშვს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და ცხვირიდან გამონადენი ექნება ეჭვი კოვიდზე უნდა მივიტანოთ

აგვისტო, სექტემბერსა და ოქტომბერში ბავშვებში მაღალი ტემპერატურის, ყელის ტკივილისა და ცხვირიდან გამონადენის შემთხვევაში ეჭვი კორონავირუსზე უნდა მივიტანოთ, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

„არის თუ არა ახლა ყველა ხველა, ყელის ტკივილი, სიცხე და ა.შ კორონავირუსი? თუ ჩვენ აგვისტოს, როგორც რესპირატორული ვირუსების აქტიურობის თვედ განვიხილავთ, ახლა ძირითადად ყველა არის კორონავირუსი. სხვა ტიპის რესპირატორული ვირუსების ცირკულაცია ახლა ნაკლებად გვხვდება. ასე, რომ აგვისტო, სექტემბერსა და ოქტომბერში, ავადობის ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელიც მაღალი ტემპერატურით, ცხვირიდან გამონადენით, ყელისა და ძლიერი თავის ტკივილით მიმდინარეობს პირველ რიგში ეჭვი უნდა მივიტანოთ კორონავირუსზე, მიუხედავად იმისა დედას შეუძლია თუ არა დაასახელოს კონკრეტული კონტაქტი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ასივე ბავშვს ვისაც ცხელება ექნება კორონავირუსის მატარებელია, მაგრამ ასივე ბავშვთან, რომ უნდა იყოს სიფრთხილე, უნდა იყოს ექიმის მიერ შეფასებული და საჭირო შემთხვევაში ტესტირება ჩატარებული ეს ფაქტი”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.