ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ზურაბ ზვიადაურს შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს

ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდეს – ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე, კი ოლიმპიური ჩემპიონის უფლებადამცველებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და ზვიადაურის გათავისუფლება სააპელაციოში მოითხოვეს.

ადვოკატები ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონია მოთავსებული 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და როგორც მათ განაცხადეს, სამომავლოდ დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით პოზიციები შეათანხმეს.

“გავასაჩივრეთ, საქმის დეტალები დავუკონკრეტეთ, გაცნობის შემდეგ რაღაც გარკვეული საკითხები შევუთანხმეთ და გვაქვს მოლოდინი სააპელაციო სასამართლოსი, რომ თელავის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში შეიტანს ცვლილებას და ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ფართოვდება თავდებთა წრე, მაგრამ ახლა თავს შევიკავებთ პიროვნებების დასახელებისაგან. გარკვეული ადამიანები შეემატნენ სხვადასხვა წრიდან, ყოფილი პოლიტიკოსები არიან, სპორტსმენები და ა.შ.” – აცხადებს ადვოკატი კახა ცნობილაძე.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.

თელავის რაიონულმა სასამართლომ წინანდალში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ზვიადაურის თქმით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და რაც ბრალში წერია, სიმართლეს არ შეესაბამება.